Teotihuacán

( ტეოტიუაკანი )

ტეოტიუაკანი (ესპ. Teotihuacan) — ძველი მესოამერიკული ნაქალაქარი მექსიკაში. მდებარეობს მეხიკოს ველის ერთ-ერთ განშტოებაში, მეხიკოს შტატში, მეხიკოდან 48 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით. დღეისათვის ძეგლი ცნობილია ამერიკის კოლუმბამდელ ეპოქაში აშენებული, არქიტექტურულად მნიშვნელოვანი მრავალი მესოამერიკული პირამიდით. გარდა პირამიდების კომპლექსისა და მრავალი საცხოვრებელი სტრუქტურისა, ტეოტიუაკანს გააჩნია ანთროპოლოგიური მნიშვნელობაც. განსაკუთრებით კარგადაა შემონახული „მიცვალებულთა გამზირი“ და მის გასწვრივ არსებული სტრუქტურების გაცრეცილი კედლის მხატვრობა. გარდა ამისა, ტეოტიუაკანი ახდენდა სუფთა ობსიდიანის ხელსაწყოების ექსპორტს, რომლებიც საკმაოდ მაღალი პრესტიჟით გამოირჩეოდა და ფართოდ გამოიყენებოდა მთელ მესოამერიკაში.

ქალაქი სავარაუდოდ ძვ. წ. 100 წელს დაარსდა, თუმცა, ძირითადი ნაგებობების მშენებლობა განუწყვეტლივ მიმდინარეობდა ახ. წ. დაახლოებით 250 წლამდე. მისი განვითარება ახ. წ. VII-VIII საუკუნემდე გაგრძელდა, მაგრამ ძირითადი ნაგებობები გაიძარცვა და დაიწვა დაახლოებით...დაწვრილებით

ტეოტიუაკანი (ესპ. Teotihuacan) — ძველი მესოამერიკული ნაქალაქარი მექსიკაში. მდებარეობს მეხიკოს ველის ერთ-ერთ განშტოებაში, მეხიკოს შტატში, მეხიკოდან 48 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით. დღეისათვის ძეგლი ცნობილია ამერიკის კოლუმბამდელ ეპოქაში აშენებული, არქიტექტურულად მნიშვნელოვანი მრავალი მესოამერიკული პირამიდით. გარდა პირამიდების კომპლექსისა და მრავალი საცხოვრებელი სტრუქტურისა, ტეოტიუაკანს გააჩნია ანთროპოლოგიური მნიშვნელობაც. განსაკუთრებით კარგადაა შემონახული „მიცვალებულთა გამზირი“ და მის გასწვრივ არსებული სტრუქტურების გაცრეცილი კედლის მხატვრობა. გარდა ამისა, ტეოტიუაკანი ახდენდა სუფთა ობსიდიანის ხელსაწყოების ექსპორტს, რომლებიც საკმაოდ მაღალი პრესტიჟით გამოირჩეოდა და ფართოდ გამოიყენებოდა მთელ მესოამერიკაში.

ქალაქი სავარაუდოდ ძვ. წ. 100 წელს დაარსდა, თუმცა, ძირითადი ნაგებობების მშენებლობა განუწყვეტლივ მიმდინარეობდა ახ. წ. დაახლოებით 250 წლამდე. მისი განვითარება ახ. წ. VII-VIII საუკუნემდე გაგრძელდა, მაგრამ ძირითადი ნაგებობები გაიძარცვა და დაიწვა დაახლოებით 550 წლისთვის. თავის ზენიტში, დაახლოებით ახ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში, ტეოტიუაკანი კოლუმბამდელი ამერიკის უდიდესი ქალაქი იყო, რომლის მოსახლეობაც სავარაუდოდ 125 000-ს ან მეტს აღწევდა და შედეგად, იმ დროინდელი მსოფლიოს სიდიდით მინიმუმ მეექვსე ქალაქი იყო. დაახლოებით I საუკუნიდან, ტეოტიუაკანი მექსიკის მთიანეთის ახალი რელიგიური ცენტრი გახდა. თანდათანობით, ქალაქი ახალი მსოფლიოს უმსხვილეს და ყველაზე დასახლებულ ცენტრად იქცა. აღსანიშნავია, რომ ჭარბი მოსახლეობის განთავსების მიზნით, ტეოტიუაკანში მრავალსართულიანი საცხოვრებლებიც შენდებოდა. ტერმინი „ტეოტიუაკანი“ (ან „ტეოტიუაკანო“) ასევე გამოიყენება ძეგლთან დაკავშირებულ მთლიან ცივილიზაციასა და კულტურულ კომპლექსთან მიმართებაში.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე დავის საგანს წარმოადგენს იყო თუ არა იმ დროისათვის ტეოტიუაკანი რაიმეს ცენტრი, მისი გავლენა მთელ მესოამერიკაზე, კარგად დასტურდება. ტეოტიუაკანის გავლენის ფაქტები წარმოდგენილია ვერაკრუსისა და მაიას რეგიონის მრავალ ძეგლზე. გვიანდელი აცტეკები ტეოტიუაკანის ნახვის შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ მათ და ტეოტიუაკანოებს საერთო წარმომავლობა ჰქონდათ. ასევე დავის საგანია ტეოტიუაკანის მაცხოვრებელთა ეთნიკურობის საკითხი. შესაძლო ვარიანტებს შორისაა ნაჰუა, ოთომი ან ტოტონაკის ეთნიკური ჯგუფები. მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ტეოტიუაკანი მულტიეთნიკური სახელმწიფო იყო.

ქალაქი და არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს თანამედროვე მეხიკოს შტატში, სან-ხუან-ტეოტიუაკანის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მეხიკოდან 48 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით. ძეგლის სრული ფართობი 83 კმ²-ია. 1987 წელს ტეოტიუაკანი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ამ დროისათვის, ის მექსიკის ყველაზე მონახულებადი არქეოლოგიური ძეგლია.

ისტორია წარმოშობა და დაარსება
 
ტეოტიუაკანი და კლასიკური პერიოდის სხვა მნიშვნელოვანი დასახლებები
 
მიცვალებულთა გამზირისა და მიმდებარე სტრუქტურების ხედი მზის პირამიდიდან

ტეოტიუაკანის ადრეული ისტორია საიდუმლოებითაა მოცული, მისი დამაარსებლების წარმოშობა კი დღემდე გაურკვეველია. მრავალი წლის მანძილზე, არქეოლოგებს მიაჩნდათ, რომ ის ტოლტეკებმა ააშენეს. ეს წარმოდგენა ეფუძნებოდა კოლონიური პერიოდის ტექსტებს, მაგალითად ფლორენტინის კოდექსს, რომელიც ძეგლს ტოლტეკებს უკავშირებდა. თუმცა, ნაჰუატლის სიტყვა „ტოლტეკი“ ზოგადად ნიშნავს „უმაღლესი დონის ოსტატს“ და შესაძლოა ყოველთვის არ აღნიშნავდეს იდალგოს შტატში ერთ დროს მოსახლე ტოლტეკების ცივილიზაციას. იქიდან გამომდინარე, რომ ტოლტეკების ცივილიზაცია ტეოტიუაკანის შემდგომ საუკუნეებში ყვაოდა, ეს ხალხი ამ ქალაქის დამაარსებელი ვერ იქნება.

გვიანდელი ფორმაციის პერიოდში, ცენტრალურ მექსიკაში მრავალი ურბანული ცენტრი არსებობდა. მათ შორის მოწინავე იყო კუიკუილკო, ტესკოკოს ტბის სამხრეთ ნაპირთან. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ვულკან შიტლის ამოფრქვევამ შესაძლოა გამოიწვია მასობრივი ემიგრაცია ცენტრალური და ტეოტიუაკანის ხეობებისაკენ. ამ მოსახლეებმა შესაძლოა დააარსეს ტეოტიუაკანი ან დააჩქარეს მისი ზრდა.

მკვლევართა სხვა ჯგუფს ტეოტიუაკანის დამაარსებლად ტოტონაკის ხალხი მიაჩნდა. არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ ტეოტიუაკანში ცხოვრობდა ხალხების გარკვეული ნაწილი, რომლებიც იმიგრირებულნი იყვნენ იმ არეალებიდან, სადაც იგრძნობოდა ტეოტიუაკანოს ცივილიზაციის გავლენა, მათ შორის აროან საპოტეკები, მისტეკები და მაია. ტეოტიუაკანის აღმშენებლებმა მექსიკის აუზზე გეოგრაფიული უპირატესობა მოიპოვეს. ჭაობიან ნიადაგზე მათ ააშენეს ამაღლებული ადგილები, რომელთაც ჩინამპებს უწოდებდნენ. ამან განაპირობა არხების წარმოქმნა, რამაც თავის მხრივ კანოეების ტრაფიკი გამოიწვია, რომლებითაც ქალაქის ირგვლივ მდებარე ფერმებიდან საკვები მოჰქონდათ. ტეოტიუაკანის უძველესი შენობები ძვ. წ. 200 წლით თარიღდება. უდიდესი პირამიდის — მზის პირამიდის მშენებლობა ახ. წ. 100 წელს დასრულდა.[1]

ზენიტი

ქალაქმა განვითარების მწვერვალს ახ. წ. 450 წელს მიაღწია, როდესაც ის იმ ძლევემოსილი კულტურის ცენტრი იყო, რომლის გავლენაც მთელს მესოამერიკის რეგიონზე ვრცელდებოდა. განვითარების პიკში, ქალაქი 30 კმ²-ზე მეტ ტერიტორიას მოიცავდა, მოსახლეობა კი დაახლოებით 150 000 ადამიანს აღწევდა, ზოგიერთი ვარაუდით კი 250 000-ს.[2] ქალაქის სხვადასხვა რაიონში ტეოტიუაკანის გავლენის ზონიდან მოსული ხალხი სახლობდა, რაც სამხრეთით, გვატემალამდე გრძელდებოდა. აღსანიშნავია, რომ ქალაქს აკლია საფორტიფიკაციო და სამხედრო სტრუქტურა-ნაგებობები.

 
ხედი მზის პირამიდიდან
 
ხედი მთვარის პირამიდიდან

ტეოტიუაკანისა და მაიას რეგიონის ცენტრების პოლიტიკური და კულტურული ურთიერთქმედებების ბუნება დიდხანს გრძელდებოდა და მნიშვნელოვანი არეალები ხშირად ხდებოდა დავის საგანი. არსებითი გაცვლა-გამოცვლა და ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა, პრეკლასიკურიდან შუა კლასიკურ პერიოდამდე. გვიანდელ კლასიკურ პერიოდში მაიას ცენტრებში ფეხი ჰქონდა მოკიდებული „ტეოტიუაკანისგან შთაგონებულ იდეოლოგიებსა“ და მოტივებს, რაც ტეოტიუაკანის დასუსტების შემდეგაც დიდხანს გაგრძელდა.[3] თუმცა, მკვლევარებს შორის დავის საგანია ტეოტიუაკანის გავლენის სივრცე და ხარისხი. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მას ჰქონდა პირდაპირი და მილიტარისტული გავლენა; სხვები კი ამტკიცებენ, რომ „საგარეო“ შტრიხები იყო შერჩევითი, შეგნებული და ორმხირვად მიმართული კულტურული დიფუზია. აღმოჩენები აჩვენებს, რომ თავის ურთიერთქმედებებში სხვა ცენტრებთან, ტეოტიუაკანი არც ისე განსხვავებული იყო ისეთი გვიანდელი იმპერიებისგან, როგორებიცაა ტოლტეკების და აცტეკების იმპერიები.[4][5] დამტკიცებულია, რომ ტეოტიუაკანს დიდი გავლენა ჰქონდა პრეკლასიკურ და კლასიკურ მაიაზე, უფრო მეტიც, დაიპყრო მაიას რემდენიმე ცენტრი და რეგიონი, მათ შორის ტიკალი და პეტენის რეგიონი, გარდა ამისა, ის გავლენას ახდენდა მაიას კულტურაზე.

 
პლატფორმა „მიცვალებულთა გამზირის“ გასწვრივ — ტალუდ-ტაბლეროს სტილის ნიმუში
 
ტეოტიუაკანის არქიტექტურის აღდგენილ მონაკვეთზე ჩანს ტიპური მესოამერიკული წითელი მხატვრობა, მარმარილოსა და გრანიტის მაღლა მოთავსებულია ოქროს ან ხადეს დეკორაცია.

ტეოტიუაკანში არსებული არიქტექტურული სტილი ფართოდაა გავრცელებული საკმაოდ მოშორებულ მესოამერიკულ ძეგლებზე, რაც ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინებს ტეოტიუაკანის შორეულ ურთიერთობებსა და პოლიტიკურ ან სამხედრო დომინანტობას.[6] ტეოტიუაკანთან დაკავშირებული სტილი ტალუდ-ტაბლეროს სახელითაა ცნობილი, რომელშიც სტრუქტურის შიდა ნაწილი გარეთ დამრეცად გამოდის (ტალუდი) და იკვეთება მართკუთხა პანელით (ტებლერო). ამ სტილის ნაირსახეობები გავრცელებულია მაიას რეგიონის რამდენიმე ძეგლზე, მათ შორის ტიკალში, კამინალხუიუში, კოპანში, ბეკანში, ოშკინტოკში, განსაკუთრებით კი პეტენის აუზსა და ცენტრალური გვატემალის მთიანეთში.[7] ტალუდ-ტაბლეროს სტილის ადრეული გამოვლინება ტეოტიუაკანზე ადრეულ კლასიკურ პერიოდს მიეკუთვნება; როგორც ჩანს, ის სათავეს იღებს ტლაშკალა-პუებლის რეგიონიდან, პრეკალასიკურ პერიოდში.[8] ტიკალის მაგალითზე, ანალიზების საშუალებით დადგინდა ტალუდ-ტაბლეროს სტილის ადგილობრივი ვარიანტების განვითარება; აღმოჩნდა, რომ აქ მას ჯერ კიდევ V საუკუნემდე გამოიყენებდნენ ტეოტიუაკანის მსგავს იკონოგრაფიულ მოტივებში. პრეკლასიკური პერიოდის დასასრულიდან, ტალუდ-ტაბლეროს სტილი მთელს მესოამერიკაში გავრცელდა სავარაუდოდ ტეოტიუაკანის გავლენით. უცნობია, როგორ და საიდან შეაღწია სტილმა მაიას რეგიონში.[9]

ქალაქი მრეწველობის ნამდვილი ცენტრი იყო. განვითარებული იყო მეთუნეობა, ოქრომჭედლობა და ხელოსნობა. ტეოტიუაკანი განთქმულია უზარმაზარი რაოდენობის ობსიდიანის არტეფაქტების წარმოებით. დღემდე არაა ცნობილი ტეოტიუაკანოს ტექსტების ან იდეოგრამების არსებობის შესახებ. მაიას ქალაქებში აღმოჩენილი წარწერებიდან ნათელი ხდება, რომ ტეოტიუაკანელი დიდებულები და ადგილობრივი მმართველები მოგზაურობდნენ ისე შორის, როგორიც ჰონდურასია და შესაძლოა იპყრობდნენ კიდევაც. მაიას წარწერებში აღწერილია როგორც მას მკვლევარებმა უწოდეს „ხელშუბიანი ბუ“ — სავარაუდოდ ტეოტიუაკანის მმართველი, რომელიც 60 წელზე მეტხანს მეფობდა და თავისი ახლობლები ჰყავდა დანიშნული ტიკალისა და უაშაქტუნის მმართველებად გვატემალაში.

მეცნიერთა წარმოდგენა ტეოტიუაკანის კულტურის შესახებ ეფუძნება არქეოლოგიას, კედლის მხატვრობას, რომლითაც მორთულია ძეგლი, და მაიას იეროგლიფურ წარწერებს, რომლებშიც აღწერილია მათი შეხლა-შემოხლა ტეოტიუაკანელ დამპყრობლებთან. კედლის მხატვრობის ათობით ათასი ნიმუში დაახლოებით 450-650 წლებში შეიქმნა. მხატვართა ოსტატობა შეუდარებელია მთელი მესოამერიკის მასშტაბით და შედარებულია რენესანსის ხანის ფლორენციელი მხატვრების ოსტატობასთან.[10]

კოლაფსი
 
ტეოტიუაკანის სტილის ნიღაბი, კლასიკური პერიოდი. ოულტერსის ხელოვნების მუზეუმი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახ. წ. VII-VIII საუკუნეში ქალაქს დამპყრობლები დაესხნენ თავს, რომელთაც ის გაძარცვეს და გადაწვეს. შედარებით ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ გადაწვით ძირითადად მმართველი კლასის შენობა-ნაგებობებია დამწვარი. ზოგიერთს მიაჩნია, რომ გადაწვის მიზეზი შიდა აჯანყება იყო. მათი აზრით, შემოსევის თეორია რეალობას მოკლებულია, რადგან ქალაქის ადრეული არქეოლოგიური გათხრები ექსკლუზიურად ფოკუსირებული იყო სასახლეებსა და ტაძრებზე, რომელთაც ზედა კლასი მოიხმარდა. რადგან ეს ძეგლები გადამწვარია, არქეოლოგებმა მიიჩნიეს, რომ მთლიანი ქალაქიც დაწვეს. თუმცა, ახლა უკვე ცნობილია, რომ ნგრევა ძირითადად შეეხო მიცვალებულთა გამზირის გასწვრივ მდებარე მთავარ სამოქალაქო ნაგებობებს. როგორც ჩანს, ზოგიერთი ქანდაკება დაამსხვრევის გზით გაანადგურეს, ფრაგმენტები კი მიმოფანტეს.

მოსახლეობის შემცირება დაახლოებით VI საუკუნიდან იწყება, რასაც ზოგიერთი შიდა აჯანყების ჰიპოთეზას უკავშირებს. ტეოტიუაკანის დაცემა თანხვედრაში მოდის ხანგრძლივ გვალვასთან, რაც 535–536 წლების კლიმატის ცვლილებით იყო გამოწვეული. ეკოლოგიური ფაქტორით გამოწვეული კოლაფსის ჰიპოთეზას ამყარებს არქეოლოგიური მასალებიც — VI საუკუნეს მიკუთვნებული ახალგაზრდების ჩონჩხების რაოდენობის ზრდა, რომელთა გარდაცვალების მიზეზიც შიმშილობაა. ეს აღმოჩენები წინააღმდეგობაში არ მოდის ზემოთ ნახსენებ თეორიებთან, რადგან, საომარ პირობებს, შდა აჯანყებას და გვალვით გამოწვეულ შიმშილს ერთდროულადაც შეეძლო ქალაქის დაცემა გამოეწვია.[11] რაც შეეხება ახლომდებარე სხვა ცენტრებს — ჩოლულას, შოჩიკალკოსა და კაკაშტლას, რომლებიც ძალაუფლებისათვის ტეოტიუაკანთან ჭიდილში იყვნენ, ამ უკანასკნელის დაცემის შემდეგ, უკონკურენტოდ დარჩნენ. ამ ძეგლების ხელოვნება და არქიტექტურა ტეოტიუაკანის ფორმებს ეჯიბრება, თუმცა, ასევე წარმოდგენილია იკონოგრაფიისა და მოტივების ეკლექტიკური მიქსი მესოამერიკის სხვა რეგიონებიდან, განსაკუთრებით მაიას რეგიონიდან.

კლასიკური პერიოდის მესოამერიკის ქალაქი-სახელმწიფოების უცაბედი განადგურება უცხო არ არის. მომდევნო საუკუნეებში, მსგავსი ფაქტი განიცადა მაიას ბევრმა ქალაქმა; მოვლენათა მთელ ამ სერიას ხშირად კლასიკური მაიას კოლაფსს უწოდებენ. სულ ახლოს, მორელოსის ხეობაში, 900 წელს დაანგრიეს და გადაწვეს შოჩიკალკო, 1150 წელს კი იგივე ბედი ტულას ეწია.[12]

Millon (1993), p.24.Malmström (1978, p.105) gives an estimate of 50,000 to 200,000 inhabitants. Coe et al. (1986) says it "might lie between 125,000 and 250,000". Millon, p. 18, lists 125,000 in AD 600. Taube, p. 1, says "perhaps as many as 150,000".Braswell (2003, p.7)Mexico's Pyramid of Death. National Geographic (2006). ციტირების თარიღი: 2008-02-26.Sacrificial Burial Deepens Mystery At Teotihuacan, But Confirms The City's Militarism. ScienceDaily (2004). ციტირების თარიღი: 2008-02-26.See for example Cheek (1977, passim.), who argues that much of Teotihuacan's influence stems from direct militaristic conquest.See Laporte (2003, p.205); Varela Torrecilla and Braswell (2003, p.261).Braswell (2003, p.11)Braswell (2003, p.11); for the analysis at Tikal, see Laporte (2003, pp.200–205)Davies, p. 78.Kaufman (2001, p.4)Snow, Dean R. (2010). Archaeology of Native North America. Prentice Hall, გვ. 156. 
Photographies by:
Statistics: Position
733
Statistics: Rank
139449

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
625349817Click/tap this sequence: 2261

Google street view

Where can you sleep near ტეოტიუაკანი ?

Booking.com
489.779 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 30 visits today.