Salzburg
( ზალცბურგი )ზალცბურგი (გერმ. Salzburg) — ავსტრიის სიდიდით მეოთხე ქალაქი ვენის, გრაცისა და ლინცის შემდეგ; არის ამავე სახელწოდების ფედერალური მხარის დედაქალაქი. მდებარეობს ზალცბურგის დაბლობზე, მდინარე ზალცახის ორივე ნაპირზე. ზალცბურგს ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ბავარიაში მდებარე ქალაქი ფრაილასინგი, დანარჩენი მხრიდან კი მთლიანად ზალცბურგ-უმგებუნგის ოლქი (Salzburg-Umgebung) აკრავს გარშემო.
488 წლიდან დაიწყო ამავე ადგილას მდებარე რომაული ქალაქის, იუვავუმის დასუსტება. 696 წელს ზალცბურგი ხელახლა დაარსდა, როგორც საეპისკოპოსო ცენტრი, 798 წლიდან კი იგი უკვე მთავარეპისკოპოსის სარეზიდენციო ქალაქია. ზალცბურგის მთავარი საშემოსავლო რესურსი იყო მარილის მოპოვება და ვაჭრობა, ასევე დამატებით წყაროს წარმოადგენდა ოქროს მოპოვებაც. ქალაქის სიმბოლო, ჰოენზალცბურგი დღევანდელ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ციხესიმაგრეა და მისი ძირითადი ნაწილი XI საუკუნეშია აგებული. XVII საუკუნიდან, მთავარეპისკოპოს ვოლფ დიტრიხისა და მისი შთამომავლების პერიოდში, ზალცბურგმა, როგორც მთავარეპისკოპოსთა რეზიდენცი...დაწვრილებით
ზალცბურგი (გერმ. Salzburg) — ავსტრიის სიდიდით მეოთხე ქალაქი ვენის, გრაცისა და ლინცის შემდეგ; არის ამავე სახელწოდების ფედერალური მხარის დედაქალაქი. მდებარეობს ზალცბურგის დაბლობზე, მდინარე ზალცახის ორივე ნაპირზე. ზალცბურგს ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ბავარიაში მდებარე ქალაქი ფრაილასინგი, დანარჩენი მხრიდან კი მთლიანად ზალცბურგ-უმგებუნგის ოლქი (Salzburg-Umgebung) აკრავს გარშემო.
488 წლიდან დაიწყო ამავე ადგილას მდებარე რომაული ქალაქის, იუვავუმის დასუსტება. 696 წელს ზალცბურგი ხელახლა დაარსდა, როგორც საეპისკოპოსო ცენტრი, 798 წლიდან კი იგი უკვე მთავარეპისკოპოსის სარეზიდენციო ქალაქია. ზალცბურგის მთავარი საშემოსავლო რესურსი იყო მარილის მოპოვება და ვაჭრობა, ასევე დამატებით წყაროს წარმოადგენდა ოქროს მოპოვებაც. ქალაქის სიმბოლო, ჰოენზალცბურგი დღევანდელ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ციხესიმაგრეა და მისი ძირითადი ნაწილი XI საუკუნეშია აგებული. XVII საუკუნიდან, მთავარეპისკოპოს ვოლფ დიტრიხისა და მისი შთამომავლების პერიოდში, ზალცბურგმა, როგორც მთავარეპისკოპოსთა რეზიდენციამ, თავისი ძირითადი ბრწყინვალება შეიძინა. ამ პერიოდში აიგო ჰელბრუნის სასახლე და მისი პარკი, შადრევნები და მთავარი გამზირები ქალაქში. ყველაზე ცნობილ ზალცბურგელად ასახელებენ 1756 წელს აქ დაბადებულ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს, რის გამოც ქალაქს ზედმეტი სახელითაც მოიხსენიებენ — „მოცარტშტადტი“ (გერმ. Mozartstadt, მოცარტის ქალაქი); მოცარტის სახელს ატარებს ასევე ზალცბურგის აეროპორტიც. ზალცბურგის ძველი ქალაქი მისი მსოფლიოში განთქმული ბაროკოს არქიტექტურით გერმანულენოვანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული ქალაქის ცენტრია და 1996 წლიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
დღეს ზალცბურგში ხშირად ტარდება გამოფენები და კონგრესები, ქალაქში მრავლადაა სავაჭრო და სხვადასხვა მომსახურების ობიექტები, ასევე განვითარებულია ტურიზმიც. საერთაშორისო მნიშვნელობას ქალაქს, სხვა მრავალთან ერთად, ანიჭებს ზალცბურგის ფესტივალები, რომელთა წყალობითაც ზალცბურგს კიდევ ერთი ზედმეტი სახელი — „ფესტშპილშტადტი“ (Festspielstadt, ფესტივალის ქალაქი) დაუმკვიდრდა. ხელსაყრელი მდებარეობის გამო, ზალცბურგზე გადის ევროპის რამდენიმე საერთაშორისო მაგისტრალი, როგორც ტრანსალპური, ისე აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. ქალაქი გამოირჩევა ალპური ბუნებით. ზალცბურგი ასევე სტუდენტური ქალაქია ქვეყნის სამი უმსხვილესი უნივერსიტეტით.
მთავარეპისკოპოს არნის პერიოდში ზალცბურგს მუსიკალური ტრადიციები უკვე გააჩნდა, ზალცბურგელი მუსიკოსები, მეცნიერებთან ერთად, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი კარლოს დიდთან. რომის პაპმა იოანე VIII-მ 870 წელს ზალცბურგის მთავარეპისკოპოსს ვატიკანისათვის სთხოვა ორგანი და კარგი ორგანისტი ზალცბურგიდან. მთავარეპისკოპოს ებერჰარდ II-ის დროს მოღვაწეობდა ნაიდჰარტ ფონ როიენტალი, რომელსაც არაერთი სიმღერისა და მელოდიის ავტორობა მიეწერება. 1424 წელს ებერჰარდ III-სთან ცხოვრობდა მუსიკოსი ოსვალდ ფონ ვოლკენშტაინი. პილგრიმ II ფონ პუხჰაიმის მმართველოდბის დროს ზალცბურგში მოღვაწეობდა ასევე მენხ ფონ ზალბურგი, რომლის ხალხურ მოტივებზე შექმნილი სასულიერო და საერო სიმღერები დღემდეა ცნობილი.
მთავარეპისკოპოს მატთეუს ლანგ ფონ ველენბურგის მმართველობის პერიოდში ზალცბურგში მოღვაწეობდნენ კომპოზიტორები ჰაინრიხ ფინკი, კასპარ კლანერი და „ორგანისტთა მეფედ“ წოდებული პაულ ჰოფჰაიმერი. აქ ცხოვრობდა ადრეული პროტესტანტული საეკლესიო სიმღერების ავტორი პაულ სპერატუსიც, სანამ მას ქალაქიდან განდევნიდნენ. 1591 წელს მთავარეპისკოპოსმა ვოლფ დიტრიხმა დააარსა კარის კაპელა და გუნდი 78 მუსიკოსის შემადგენლობით. 1614 წლის 27 იანვარს მარკუს სიტიკუსმა გახსნა ახალი კარის თეატრი და ზალცბურგი აქცია სადღესასწაულო მუსიკისა და თეატრის ქალაქად, სადაც პირველი საოპერო წარმოდგენები სრულდებოდა იტალიის საზღვრებს გარეთ. განსაკუთრებით ბრწყინვალე იყო ზალცბურგის ტაძრის კურთხევის ცერემონია 1628 წელს, რომელსაც მუსიკალურ ხელმძღვანელობას სტეფანო ბერნარდი უწევდა; იგი თავად იყო ავტორი ცერემონიაზე შესრულებული რამდენიმე ნაწარმოებისა.
მთავარეპისკოპოს მაქს განდოლფის მიერ დაფინანსებული კომპოზიტორი გეორგ მუფატი 1678—1687 წლებში საეპისკოპოსო კარის ორგანისტი იყო. კარის კაპელმაისტერი და ვაჟთა გუნდის ხელმძღვანელი ამ პერიოდში ჰაინრიხ იგნაც ფრანც ბიბერი იყო. მისი ვაჟი კაპელმაისტერის თანამდებობაზე ჩაანაცვლა ლეოპოლდ მოცარტმა. მოცარტამდე ზალცბურგში მოღვაწეობდნენ ასევე კომპოზიტორები იოჰან ერნსტ ებერლინი და მისი მოსწავლე ანტონ კაიეტან ადლგასერი. ცნობილი ზალცბურგელი საეკლესიო მუსიკოსის იოჰან მიხაელ ჰაიდნის ორი ცნობილი მოსწავლე იყო კარლ მარია ფონ ვებერი და სიგიზმუნდ ფონ ნოიკომი. 1805 წელს ზალცბურგის დამოუკიდებელი სამთავროს გაუქმების შემდეგ სამთავრო კარის კაპელის ტრადიციაც[1].
1841 წელს დაარსდა ტაძრის მუსიკალური გაერთიანება და მოცარტეუმი, 1847 წელს კი — ზალცბურგის „ლიდერტაფელი“ დაარსდა; ორივე მათგანს სიცოცხლის ბოლომდე ალიოს ტაუქსი ხელმძღვანელობდა. 1842 წელს მოცარტის პირველი ძეგლის გახსნით საფუძველი ჩაეყარა „მოცარტის ფეტივალთა“ ტრადიციას, რასაც მოჰყვა ძირითადად იოზეფ ფრიდრიხ ჰუმელისა და ლილი ლემანის ხელშეწყობით 1920 წელს ზალცბურგის ფესტივალების დაარსება. უბრალო ფრანცისკანელმა ბერმა პატერ პეტერ ზინგერმა არაერთი სასულიერო მუსიკალური ნაწარმოები შექმნა. 1880 წლისათვის ზალცბურგის კარის თეატრში მოღვაწეობდა სიმღერების ავტორი ჰუგო ვოლფი. 1792 წელს ზალცბურგში დაიბადა კომპოზიტორი ფრანც ქსავერ გრუბერი, ავტორი მსოფლიოში ცნობილი საშობაო სიმღერისა „წყნარი ღამე, წმინდა ღამე“ (Stille Nacht, heilige Nacht). მისმა შვილიშვილმა ფრანც ქსავერმა 1921 წელს შეკრიბა ტაძრის გუნდი მოხალისე მომღერლებისაგან, რომელმაც მოგვიანებით იოზეფ მესნერის მეთაურობით დიდ წარმატებას მიაღწია. საერთაშორისო ფონდი მოცარტეუმი დაარსდა 1870 წელს, ამავე სახელწოდების მუსიკალური სასწავლებელი კი 1880 წელს. მოცარტეუმში მოღვაწეობდნენ კლემენს კრაუსი, ბერნჰარდ პაუმგარტნერი, კლაუს აგერი და გერჰარდ ვიმბერგერი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ მოღვაწეობდნენ ცეზარ ბრესგენი და კარლ ორფი[1].
ზალცბურგის უძველესი ორკესტრია მოცარტეუმის ორკესტრი. იგი მოცარტეუმის აკადემიის ლექტორებისა და წარჩინებული მოსწავლეებისაგან შეიქმნა. როგორც ქალაქ ზალცბურგისა და ზალცბურგის მიწის სიმფონიური ორკესტრი, მისი პრიორიტეტი ვენის კლასიკური სკოლაა. „კამერატა ზალცბურგი“ — ქალაქის კამერული ორკესტრი, 1952 წელს დაარსდა ბერნჰარდ პაუმგარტნერის მიერ და მოგვიანებით ოცი წლის განმავლობაში მას სანდორ ვეგი უძღვებოდა. 1998 წელს ახალგაზრდა მუსიკოსებთან ერთად ელიზაბეთ ფუქსმა დააარსა და მას შემდეგ თავად უძღვება ზალცბურგის ახალგაზრდა ფილარმონიის ორკესტრს. ქალაქ ზალცბურგიდანაა აგრეთვე ავსტრიის ახალი მუსიკის ანსამბლი, რომელიც 1975 წელს კლაუს აგერისა და ფერენც ტორნაის მიერ დაფუძნდა[2].
↑ 1.0 1.1 Paul Becker, Kulturamt der Stadt Salzburg (Hrsg.): Stadt der Musik. Band VI, Salzburg 1961. ↑ Adolf Haslinger, Peter Mittermayr: Salzburger Kulturlexikon. Salzburg 2001, ISBN 3-7017-1129-1.
კომენტარის დამატება