ვარძია

ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ოროგრაფიული სქემის მიხედვით ვარძია მდებარეობს ერუშეთის ქედის აღმოსავლეთის განტოტების ბოლოს. ვარძიის უკიდურესი ზედა გამოქვაბული ზღვის დონიდან 1462 მ-ზე ძევს.

ისტორია
 
ვარძია, ხედი სამრეკლოდან
 
თამარ მეფის ფრესკა ვარძიის ეკლესიაში
 
ფრესკები ეკლესიაში
 
მტკვრის ხეობა ვარძიიდან

სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ერთხანს ვარძიაში მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც იქ შექმნა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს.). ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა.

მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII საუკუნის II ნახევარი) ვარძიელი ბერ-მონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. 1551 წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა. 1578 წელს, როდესაც ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო, მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) შემდეგ ვარძია კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაიწყო ამ სამონასტრო კომპლექსის მეცნიერული შესწავლა. 1938 წელს იგი მუზეუმ-ნაკრძალად გამოცხადდა. 1970-1971 წლებში ვარძიაში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, მიკვლეულ იქნა 3 კულტურის ფენა: ადრინდელი შუა საუკუნეებისა, XII საუკუნისა და XIII-XIV საუკუნეები. აღმოჩნდა მოჭიქული კერამიკის მრავალფეროვანი ნიმუშები, ქაშანურის ფრაგმენტები, ლითონის სადნობი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი და იარაღი.

ვარძია “... საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება…”-ასე წერდა ვარძიის შესახებ სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანე, XVI საუკუნის ისტორიკოსი ჰასან ბეგ რუმლუ თავისი ნაწარმოების "ახსან-ათ-თავარიხის” (“უმშვენიერესი ისტორიათაგანი”) ფურცლებზე. დადგენილია, რომ ხეობა მტკვრის ორივე მხარეს მჭიდროდ იყო დასახლებული უკვე ენეოლითის ხანაში, არქეოლოგიური სამუშაოების დროს ტერასებზე და ბორცვებზე მიკვლეულია პირველყოფილი თემური საზოგადოების ენეოლით – ბრინჯაოს და გვიან – ბრინჯაოს ეპოქათა ძეგლები, მათ შორის ყორღანული სამარხები. ამ ტიპის ძეგლების შესწავლამ გამოავლინა თრიალეთის კულტურის გავრცელების არეები. “ქართლის ცხოვრებაში” პირდაპირი ცნობებია, რომ მონასტრის შენება მეფე გიორგი III დროს დაწყებულა და შემდგომ თამარის მეფობის დროს დასრულდა.

თამარ მეფის დროინდელი მემატიანე ვრცლად და მხატვრულად მოგვითხრობს ვარძიის დაარსებას. ამ უდიდესი სამეფო მონასტრის შექმნას უკავშირებს იგი თამარ მეფის მოღვაწეობის დახასიათებას საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობის დარგში – ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ადგილის შერჩევა განპირობებული იყო კლდის საუკეთესო სამშენებლო თვისებებით, ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, საყოფაცხოვრებო, სამხედრო თვალსაზრისით და, აგრეთვე, აქ სასმელი წყლის არსებობით.

მშენებლობის პირველი ეტაპია გიორგი III (1156–1184) მეფობის წლები, ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის შემუშავება მის სახელთანაა დაკავშირებული. იმავე დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად.

მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის (1184–1186). თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. წყაროსთან, უკვე იქ არსებულ გამოქვაბულთა ადგილზე, შეიქმნა მონასტრის ცენტრი – კლდეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი, მოხატული ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივითა და სახსრებით. ეს გამოირკვა ქტიტორთა პორტრეტულ გამოსახულებებთან არსებული წარწერების წაკითხვის შედეგად. ვარძია, როგორც მონასტერი, ცნობილია ტაძრის კურთხევის მომენტიდან და მისი პოპულარობა განუხრელად იზრდება.

მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ტაძრის მოხატვას და ბასიანის ბრძოლას შორის (1186–1208). მთავრდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო მონაზონთა კლდის სახლების, თავდაცვითი სამალავის და რთულ საირიგაციო ნაგებობათა – წყალსადენის გვირაბისა და სარწყავი არხის – გამოკვეთა. 1203 წ. მონასტერმა სრული ბრწყინვალებით მიიღო საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი. აქვე მობრძანდა თამარ მეფე. ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა სძლიეს მუსლიმანთა კოალიციის ოთხასათასიანი ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში.

მემატიანეს ცნობით ვარძიის სახელს და ვარძიის ღვთისმშობელს უკავშირდება ყველა ძლევამოსილი ომები, რომელთაც იმ ეპოქაში აწარმოებდა საქართველო მაჰმადიანთა ექსპანსიის წინააღმდეგ. ამგვარად, XII – XIII საუკუნეთა მიჯნაზე, ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრია. 1283 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ვარძიას. ამ სტიქიური უბედურების შემდეგ მონასტრის ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება მშენებლობის მეოთხე ეტაპი, ათაბაგ ბექა ჯაყელ-ციხისჯვარელის დროს (1285 – 1306).

ამ წლებში, მიუხედავად მონღოლთა ბატონობისა, ვარძიის მონასტერი წინანდებურად მდიდარია და კვლავ ახდენს დიდ გავლენას ქვეყნის ცხოვრებაზე. XV – XVI საუკუნეები ქვეყნის შინაგანი რღვევისა და ირან-თურქეთის მხრივ საქართველოს დაპყრობის უკიდურესად აგრესიული მისწრაფების ხანაა. ვარძიას თვით უხდება თავდაცვითი ბრძოლების წარმოება. იგი საიმედო დასაყრდენია საქართველოს მეფისათვის ქვეყნის გაერთიენებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. 1551 წელს, საქართველოში თავისი მე-3 ლაშქრობისას, სპარსეთის შაჰი შაჰთამაზ I შემოესია ვარძიას. გამაგრებული ქართლის მეფის ლუარსაბ I სამხედრო ძალები იგერიებდნენ სპარსეთის ჯარების შემოტევას. სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა თვით გამოქვაბულებში, ამაზე წერენ XVII ს. ისტორიკოსები: ქართველი ფარსადან გორგიჯანიძე და სპარსი — ჰასან-ბეგ რუმლუ.

მესხეთი 1578 წელს ოსმალეთის ბატონობაში მოექცა. იწყება ქართველთა გამაჰმადიანების ინტენსიური პროცესი და იგი 250 წლის მანძილზე გრძელდებოდა.

1828 წელს რუსეთის არმიამ გენერალ ივანე პასკევიჩის სარდლობით სამხრეთ საქართველოს ისტორიული მიწები ოსმალეთისგან ბრძოლით მოიპოვა და რუსეთის იმპერიას შეუერთა.

1857-1928 წლებში ვარძიაში მოქმედებდა მამათა მონასტერი.

Photographies by:
Statistics: Position
902
Statistics: Rank
122189

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
983671452Click/tap this sequence: 4158

Google street view

Where can you sleep near ვარძია ?

Booking.com
487.376 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 2 visits today.