გერგეტის სამების ეკლესია
გერგეტის სამება — ხუროთმოძღვრული კომპლექსი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე). გერგეტის სამება 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით ხევში იმოგზაურა ანდრია მოციქულმა, რომელმაც გერგეტში აღმართა ჯვარი.[1][2] გერგეტში ჯვარი აღმართა ასევე წმინდა ნინომ, რომელმაც ასევე იქადაგა ხევში. გადმოცემის მიხედვით ტაძრის აშენება უკავშირდება ვახტანგ გორგასალს.[3][4] ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, ის აშენებული უნდა იყოს XIV საუკუნის 30-იან წლებში.[5] სამშენებლო ქვა მოჰქონდათ ორი კილომეტრის დაშორებით სოფელ ღეჭიდან. ტაძარი XIV საუკუნეში ფერისცვალების სახელზე იყო აგებული.
გერგეტის სამება და მასთან არსებული მონასტერი მოხსენიებულია 1392 წლით დათარიღებულ სითარხნის გუჯარში. ამავე გუჯარში გერგეტის სამების მონასტერთან ერთად მოხსენიებულია „ციხე გერგეტაული“.[6]
ბაგრატ V-მ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც „საყდრისშვილებად“ ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნეებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. ვახუშტი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმ. ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად. გერგეტში იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“ – დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევის და აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ.
რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ ზეთის საღებავით გადახატა ტაძრის ინტერიერი. 1966 წელს სოფელი გერგეტი დაბა ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ.[7] 2006 წელს კანკელის ნალესობის ქვეშ გამოჩნდა ტაძრის მხატვრობა, რომელიც XVI საუკუნით დათარიღდა. გამოჩნდა ღვთისმშობლის, მაცხოვრის, იოანე ნათლისმცემლისა და წმ. ნინოს გამოსახულებები.
↑ თეიმურაზ ბატონიშვილი, „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ გვ. 143 — სანქტ-პეტერბურგი, სამეცნიერო აკადემიის სტამბა, 1848 ↑ ითონიშვილი ვ. „ხევის ტოპონიმიკა“ გვ. 130 — თბილისი, „მეცნიერება“, 1971 ↑ ბედოშვილი გ. ჟურნალი „მწყემსი“ N22 გვ. 6 — 1898 წ. ↑ ღუდუშაური ბ.. გაზეთი „ივერია“ N224 გვ. 3 — 1898 წ. ↑ ბერიძე ვ., „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება“ გვ. 169 — თბილისი, „ხელოვნება“ 1974 ↑ დოლიძე ი., „ქართული სამართლის ძეგლები“ ტ.III გვ. 178 — თბილისი, „მეცნიერება“ 1970 ↑ გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი
კომენტარის დამატება