सालार जंग संग्रहालय
( სალარ ჯანგის მუზეუმი )სალარ ჯანგის მუზეუმი (ტელუგ. సాలార్ జుంగ్ మ్యూజియం) — ხელოვნების მუზეუმი ჰაიდარაბადში, მდინარე მუსის მარჯვენა სანაპიროზე, ტელანგანა, ინდოეთი. ის არის ინდოეთის სამი ეროვნული მუზეუმიდან ერთ-ერთი. მუზეუმი თავდაპირველად მხოლოდ სალარ ჯანგის ოჯახის კერძო ხელოვნების კოლექციას მოიცავდა. სალარ ჯანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ დაწესებულებას მისი სახელი ეწოდა. ის ოფიციალურად გაიხსნა 1951 წლის 16 დეკემბერს.
სალარ ჯანგის მუზეუმს გააჩნია: ქანდაკებების, ნახატების, ჩუქურთმების, ქსოვლიების, ხელნაწერების, კერამიკის, მეტალის არტეფაქტების, ხალიჩების, საათებისა და ავეჯის კოლექციები სხვადასხვა ქვეყნებიდან (იაპონია, ჩინეთი, მიანმარი, ნეპალი, ინდოეთი, ირანი, ეგვიპტე, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან). სალარ ჯანგის მუზეუმი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია.
სალარ ჯანგის ოჯახი ჰაიდარაბადის დიდგვაროვან ოჯახს წამროადგენდა ნიზამის პერიოდში. ნავაბ მირ იუსუფ ალი ხანი, იგივე სალარ ჯანგ III ჰაიდარაბადის პრემიერ-მინისტრი იყო. ის ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში შემოსავლის დიდ ნაწილს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან ექსპონატების შეგროვებაში ხარჯავდა.
ნავაბის გარდაცვალების შემდეგ, 1949 წელს, მისი პირადი კოლექცია დივან დევიში, სალარ ჯანგის სასახლეში დარჩა. სწორედ ამ სასახლეში გაიხსნა კერძო მუზეუმი, სალარ ჯანგის მუზეუმი, 1951 წლის 16 დეკემბერს, ჯავაჰარლალ ნერუს მიერ. მუზეუმის გახსნამდე ექსპონატების ნაწილი დაიკარგა, ნაწილიც კი სასახლეში მომუშავე პირებმა მოიპარეს.
ხალხის ნაწილს სჯერა, რომ მუზეუმში დაცული ამჟამინდელი ექსპონატები თავდაპირველი კოლექციის მხოლოდ ნახევარს წარმაოდგენს.
1968 წელს მუზეუმი გადაიტანეს იმ ადგილას სადაც დღემდეა განთავსებული, დარ-ულ-შიფაში. მუზეუმის შენობის შეცვლისას ექსპონატების ნაწილი დაიკარგა, ზოგიც კი მოიპარეს.
2003 წელს მუზეუმმა ხელი მოაწერა მემორანდუმს ხელნაწერების ეროვნულ ცენტრთან და ხელნაწერთა კონსერვაციის ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა.
2006 წელს მუზეუმის შენობაში, ერთ-ერთ აუდიტორიაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა და შედეგად არც ერთი არტეფაქტი არ დაზიანებულა. ინციდენტის შემდეგ სალარ ჯანგის მუზეუმში ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები განაახლეს.
კომენტარის დამატება