Pasta ( პასტა )

პასტა (იტალ. Pasta, იტალიურად წარმოითქმის:  [ˈpasta] ) — საჭმლის სახეობა, რომელიც, როგორც წესი, მზადდება ხორბლის ფქვილის გაუფუებელი ცომისაგან, რომელშიც ფქვილთან ერთად შერეულია წყალი ან კვერცხი. ცომის ფორმირების შემდეგ ის იხარშება ან ცხვება. განსხვავებული გემოსა და ტექსტურის, აგრეთვე უგლუტენო ალტერნატივის მისაღებად, პასტის მოსამზადებლად ხორბლის ფქვილის ნაცვლად ხშირად გამოიყენება ბრინჯის ან რომელიმე პარკოსნის, მაგალითად ლობიოს ან ოსპის ფქვილი. პასტა იტალიური სამზარეულოს გამორჩეული და საბაზისო კერძია.

პასტა იყოფა ორ დიდ კატეგორიად: გამომშრალი ( პასტა სეკა ) და ახალი ( პასტა ფრესკა ). გამომშრალი პასტის უმეტესობა კომერციულად წარმოებულია ექსტრუზიის პროცესის საშუალებით, თუმცა მისი წარმოება შესაძლებელია სახლშიც. ახალი მაკარონი ტრადიციულად მზადდება ხელით, ზოგჯერ მარტივი მანქანების დახმარებით.

როგორც გამომშრალ, ასევე ახალი პასტას აქვს სხვადასხვა ფორმა. ცნობილია პასტის 310 სხხვადასხვა ფორმა, 1300-ზე მეტი სახელით. იტალიაში პასტის ერთიდაიგივე ფორმის სახელი ხშირად განსხვავდება რეგიონის მიხედვით. მაგალითად პასტის ერთ-ერთი ფორმა კავატელი იტალიის სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში 28 განსხვავებული სახელითაა ცნობილი. გავრცელებულია პასტის გრძელი და მოკლე ფორმები, მილები, ბრტყელი ფორმები, მინინატურული ფიგურები წვნიანებისთვის და ა.შ.

არსებობს პასტის გამოყენებით მომზადებული კერძების სამი ტიპი:

  • პასტა ასკიუტა (pasta asciutta ან pastasciutta)- მოზარშული პასტა სხვადასხვა სოუსთან ან გარნირთან ერთად.
  • პასტა ინ ბროდო (pasta in brodo) - ამ შემთხვევაში პასტა არის წვნიანის ნაწილი
  • პასტა ალ ფორნო (pasta al forno) - პასტა არის ღუმელში გამომცხვარი კერძის ნაწილი.

პასტას მიირთმევენ როგორც ლანჩზე, ასევე სადილად.