ოსმალეთის იმპერია

ოსმალეთის იმპერია (ოსმ. „دَوْلَتِ عَلِيّهٔ عُثمَانِیّهί“, Devlet-i Âliye-i Osmâniyye; თურქ. Osmanlı İmparatorluğu), ასევე ისტორიულად მოიხსენიებოდა, როგორც თურქეთის იმპერია ან თურქეთი — სუნიტურ-ისლამური სახელმწიფო, დაარსდა ოღუზი თურქების მიერ ოსმან I-ის მეთაურობით ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში 1299 წელს. მურად I-ის მიერ ბალკანეთში წარმოებული დაპყრობითი ომებისა და მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შედეგად ოსმალეთის სასულთნო იმპერიად ჩამოყალიბდა.

XVI-XVII საუკუნეებში, მისი ძლიერების მწვერვალზე სულთან სულეიმან კანონმდებლის მმართველობისას, ოსმალეთის იმპერია იყო მძლავრი მრავალეთნიკური და მრავალენოვანი იმპერია, რომელიც აკონტროლებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთი აზიის, კავკასიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სომალის ნახევარკუნძულის უმეტეს ნაწილს. XVII საუკუნის დასაწყისში იმპერია მოიცავდა 32 პროვინციასა და უამრავ ვასალურ სახელმწიფოს. ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო დანარჩენებმა საუკუნეთა მსვლელობისას სხვადასხვა სახის ავტონომია მიიღეს.

კონსტანტინოპოლის ფლობითა და ხმელთაშუა ზღვისპირა ტერიტორიების კონტროლით, ოსმალეთის იმპერია ექვსი საუკუნის განმავლობაში იყო დასავლური და აღმოსავლური სამყაროების ურთიერთობის ცენტრში. ევროპულ სახელმწიფოებთან ხანგრძლივი სამხედრო დაპირისპირებების შედეგად იმპერია მნიშვნელოვნად დასუსტდა და პირველი მსოფლიო ომის შედეგად საბოლოოდ დაიშალა. მის ტერიტორიაზე კი თურქეთის რესპუბლიკის გარდა წარმოიშვა ბალკანეთისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა უმეტესობა.

Destinations