მაიას ცივილიზაცია

მაია — მესოამერიკული ცივილიზაცია, რომელიც ცნობილია ამ ცივილიზაციათა შორის ყველაზე განვითარებული და დახვეწილი დამწერლობით, ასევე ხელოვნებით, არქიტექტურით, საოცრად დიდი მათემატიკური და ასტრონომიული ცოდნით. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაცია არსებობდა პრეკლასიკურ პერიოდში, განვითარების პიკს მიაღწია კლასიკურ პერიოდში (დაახ. ჩვ. წ. 250-900 წწ.) და განაგრძობდა არსებობას პოსტკლასიკურ პერიოდში, ესპანელთა მიერ იუკატანის ნახევარკუნძულის დაპყრობამდე. განვითარების აპოგეაში მაია წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ კულტურის მქონე, მჭიდროდ დასახლებულ საზოგადოებას.

მაიას საზოგადოებასა და მესოამერიკის სხვა ცივილიზაციათა შორის არსებობდა გარკვეული კულტურული და რელიგიური მსგავსება. დამწერლობის, ეპიგრაფიის, კალენდრის შედგენა არ შეიძლება სრულად მაიას მივაწეროთ, მათ მაღალ დონეზე დაამუშავეს და საოცრად დახვეწეს ისინი. მაიას რეგიონი ფართობით ყველაზე დიდია მესოამერიკაში, სიერა-მადრეს მთიანი მხარიდან მოყოლებული — ჩრდილო იუკატანის დაბლობებამდე, თუმცა ამ ცივილიზაციის გავლენის სფერო აღწევდა ცენტრალურ მექსიკამდე, ახლომდებარე არეალებში იგრძნობა მაიას ხელოვნებისა და არქიტექტურის გავლენა რაც გამოწვეული უნდა იყოს როგორც ვაჭრობით, ისევე გარე დაპყრობებით. მაიას ხალხი არასდროს არ „გამქრალა“ - არც კლასიკური პერიოდის ბოლოს, არც ესპანელთა მიერ იუკატანის დაპყრობისა და კოლონიზაციის პერიოდში. მექსიკისა და ბელიზის ტერიტორიაზე მცირე დასახლებებად დღესაც ცხოვრობს ხალხი, რომელთა ენა, რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები და გარეგნობაც კი 2000 წლის მანძილზე არ შეცვლილა. ენა განეკუთვნება მაია-კიჩეს ენათა ოჯახს. ნაწილმა იცის ესპანურიც. რელიგიით ფორმალურად კათოლიკეები არიან, ფაქტობრივად ინარჩუნებენ წინაქრისტიანულ რწმენათა გადმონაშთებს. თანამედროვე მაიას ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება.