აცტეკები

აცტეკები (საკ. სახელწოდება — ასტეკა) — მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი. აცტეკური ენა — ნაუატლი იუტოაცტეკურ ენათა დიდ ჯგუფს განეკუთვნება. XII საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოსული აცტეკები მეხიკოს ველზე შეიჭრნენ და დამკვიდრდნენ, აითვისეს მისი ძველი მოსახლეობის — ტოლტეკების, საპოტეკებისა და მიშტეკების მაღალი კულტურა და XIV საუკუნეში დააარსეს ქ. ტენოჩტიტლანი (ახლანდელი ქ. მეხიკო). 1427 წელს დაუკავშირდნენ ტესკოკოსა და ტლაკოპანის ქალაქ-სახელმწიფოებს, დაიმორჩილეს მთელი მეხიკოს ველისა და ცენტრალური მექსიკის მოსახლეობა და ადგილობრივ ტომთა კონფედერაციის სათავეში მოექცნენ.