مصر القديمة ( ძველი ეგვიპტე )


ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის წარმატებას ნაწილობრივ განაპირობებდა ნილოსის ხეობის ბუნებრივი პირობებისადმი ადაპტირების უნარი. წინასწარ გათვლილი წყალდიდობების პერიოდები და ნაყოფიერი ხეობის კონტროლირებული საირიგაციო სისტემა ჭარბი მოსავლის მოყვანის საშუალებას იძლეოდა, რამაც ბიძგი მისცა სოციალურ და კულტურულ აღმავლობას. მდიდარი რესურსებით ზურგმომართული ადმინისტრაცია აფინანსებდა ხეობაში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებასა და გარშემო უდაბნო რეგიონების დამუშავებას, ასევე დამწერლობის სისტემის განვითარებას, კოლექტიური მშენებლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროექტების ორგანიზებას, მეზობელ რეგიონებთან ვაჭრობასა და სამხედრო კამპანიას, რომლის მიზანი ეგვიპტის გავლენის სფეროს გავრცელება იყო. ამ საქმიანობისთვის მასების მოტივირება და ორგანიზება არისტოკრატ უხუცესთა, რელიგიურ ლიდერთა და ადმინისტრატორთა ბიუროკრატიულ მექანიზმს ევალებოდა, რომელსაც ფარაონი აკონტროლებდა რელიგიურ რწმენათა კომპლექსური სისტემის მეშვეობით.

ძველ ეგვიპტელთა მრავალ მიღწევათა შორისაა მაღაროების დამუშავების, კადასტრისა და სამშენებლო ტექნიკის დახვეწა, რამაც მონუმენტური პირამიდების, ტაძრებისა და ობელისკების აგება გახადა შესაძლებელი; ასევე მას ეკუთვნის მათემატიკის სისტემის, პრაქტიკული და ეფექტიანი მედიცინის სისტემის, საირიგაციო სისტემისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნიკის განვითარება. პირველი დღემდე ცნობილი გემები, ეგვიპტური ფაიენცი (კერამიკა) და მინის ტექნოლოგია, ლიტერატურის ახალი ფორმები და უძველესი დღემდე ცნობილი სამშვიდობო ხელშეკრულება ეგვიპტელებს ეკუთვნით. ეგვიპტემ უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა. მისი ხელოვნება და არქიტექტურა საუკუნეების განმავლობაში სანიმუშო იყო ვრცელი რეგიონებისთვის, ხოლო აქ დამზადებული საქონელი მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მიჰქონდათ. მისი მონუმენტური ნანგრევები დღემდე მოგზაურთა და მწერალთა შთაგონების წყაროა.