Водка ( არაყი )

არაყი (არაბ. عَرَق არაკ — ოფლი) — მაგარი ალკოჰოლიანი სასმელი. ძირითადად ამზადებენ ორი გზით: რექტიფიცირებული ეთილის სპირტის წყალთან შერევით ან შაქრის და სახამებლის შემცველი ნედლეულის უშუალო გამოხდით.

პირველი მეთოდით არაყი მზადდება შემდეგნაირად: კარტოფილის ან მარცვლეულის რექტიფიცირებულ ეთილის სპირტს აზავებენ წყლით და გააქტივებული ნახშირისა და სილის ფილტრებში ატარებენ. ამგვარად მიღებული არაყი (ე. წ. „რუსული არაყი“) შეიცავს 40,5 ან 56% ეთილის სპირტს. გემოს გასაუმჯობესებლად მას უმატებენ შაქარს, ძმარმჟავა ნატრიუმს და სხვ. არაყზე პიტნის, ტარხუნის, ციტრუსების და მისთანათა ექსტრაქტების დამატებით მიიღება შესაბამისი სახელწოდების ნაყენი.

მეორე სახის არაყს ამზადებენ შაქრის ან სახამებლის შემცველი ნედლეულის უშუალო გამოხდით; შაქრის შემცველ ნედლეულს ხდიან ალკოჰოლური დადუღების, სახამებლის შემცველს კი ფერმენტული დაშაქრებისა და ალკოჰოლური დადუღების შემდეგ. ამგვარი გზით მიიღება ხილის, ჭაჭის, სანთლის, პურისა და სხვა არაყი. ასე მიღებულ არაყს შენარჩუნებული აქვს გამოყენებული ნედლეულის გემო და არომატი.

არყის ნაირსახეობებია: კონიაკი, ბრენდი, ვისკი, ჯინი, რომი და სხვ.

უძველეს ქართულ წერილობით წყაროებში არაყი იხსენიება „იყის“ სახელით (ახალი აღთქმა, ლუკა 1:15). საქართველოში არყის დამზადებას არყის გამოხდას უწოდებენ. გამოხდის ხალხური ტექნოლოგია სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირია, რასაც ნაწილობრივ განაპირობებს საარაყე მასალის (ხორბლეული, ხილი, ჭაჭა, თაფლიანი ფიჭა, ანწლი) თავისებურება.