パゴダ ( პაგოდა )

პაგოდა (პორტუგალ. Pagoda, სანსკიტ. भगवत् ბჰაგავატ-წმინდა;  ჩინ.寶塔 ბაო-ტა, სიტყვასიტყვით -განძეულის კოშკი) —ბუდისტური საკულტო ნაგებობის ტიპი ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში გამიზნულია ბუდისტური რელიკვიების შესანახად. ასრულებს მემორიალურ ფუნქციას. ჩვეულებრივი პაგოდა წარმოადგენს გეგმით კვადრატულ 6, 8 ან 12 კუთხა ნაგებობას. ჩამოყალიბდა ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეებში ჩინეთში. აქედან გავრცელდა ვიეტნამში, კორეასა და იაპონიაში.

ტაილანდში, მიანმარში, შრი-ლანკაში, ლაოსში, კამბოჯაში, კორეაში, ბუდისტურ სტუპებს პაგოდას უწოდებენ, რომლებიც ხშირად წმინდა საგნების ან მემორიალური კომპლექსების საცავებია.

ნეპალში, ჩრდილოეთ ინდოეთში, ტიბეტში, ჩინეთში, იაპონიაში, ვიეტნამში, ინდონეზიაში, ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნებში, პაგოდებს უწოდებენ მრავალსართულიან კოშკებს, რომლებსაც ტაძრებად იყენებენ.

ითვლება, რომ ამ ტიპის პირველი ნაგებობა გამოჩნდა ნეპალში, რის შემდეგაც ნეპალის არქიტექტორებმა პაგოდები გაავრცელეს მთელ შორეულ აღმოსავლეთში. ნეპალური პაგოდას პროტოტიპია ბუდისტური სტუპა, რომელსაც ბუდისტურ ქვეყნებში ჯერ კიდევ ეძახიან პაგოდას, სხვა ქვეყნებში ერთმანეთისგან განასხვავებენ პაგოდებსა და სტუპებს. ნეპალში ინდუისტური ტაძრები აშენებულია პაგოდას სახით..

ზოგიერთ ქვეყანაში ეს ტერმინი ეხება სხვა რელიგიურ სტრუქტურებს. ვიეტნამსა და კამბოჯაში, ფრანგული თარგმანიდან გამომდინარე, ინგლისური ტერმინი „პაგოდა“ უფრო ზოგადი ტერმინია, რომელიც აღნიშნავს სალოცავ ადგილს, თუმცა პაგოდა არ არის ზუსტი სიტყვა ბუდისტური ვიჰარას აღსაწერად. სტუპას არქიტექტურული სტრუქტურა მთელ აზიაში გავრცელდა და სხვადასხვა ფორმა მიიღო, რადგან მის დიზაინში  სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი დეტალები შევიდა. ფილიპინების ბევრ სამრეკლოზე  დიდ გავლენა მოახდინა ესპანელების მიერ დასაქმებული ჩინელი მუშების აგებულმა პაგოდებმა.