ნან-მადოლი
ნან-მადოლი (ინგლ. Nan Madol) — ისტორიამდელი პერიოდის ქალაქის ნანგრევები მიკრონეზიის ფედერაციული შტატების ერთ-ერთ ხელოვნურ კუნძულზე. არქიპელაგის საერთო ფართობია 79 ჰა, შედგება 92 კუნძულისაგან, რომლებიც ერთმანეთთან ხელოვნური არხებითაა დაკავშირებული. ქალაქი ასევე ცნობილია „მიკრონეზიის ვენეციის“ ან „წყნარი ოკეანის ვენეციის“ სახელით. მდებარეობს კუნძულ ტემვენის ახლოს, კუნძულ პონპეის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
1500 წლამდე ნან-მანდოლი იყო მმართველი დინასტიის საუდელერების დედაქალაქი. ნან-მადოლის მეგალითური კულტურა უნიკალურია, ერთადერთი მისი მსგავსია ქალაქ ლელუს ნანგრევები, რომელიც მდებარეობს 550 კმ-ით დაშორებულ მეზობელ კუნძულ კუსაიეზე.
ნან-მანდოლის კომპლექსმა თანამედროვე სახე მიიღო დაახლოებით 1285-1485 წლებს შორის, საუდელერების მმართველობის პერიოდში. საუდელერების აღზევების დროს მიკრონეზიელებმა დაიწყეს დასახლება კუნძულზე და დაიწყეს სხვადასხვა ნაგებობების აშენება. დაახლოებით 1500 წლისათვის მმართველი დინასტიის წარმომადგენლები აღნიშნული ტერიტორიებიდან გააძევეს. რა იყო ამის მიზეზი, უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ნან-მადოლი დაიპყრეს მეზობელი კუნძულის, კუსაიეს წარმომადგენლებმა.
1529 წელს ესპანელმა ზღვაოსანმა ალვარო დე საავედრამ აღმოაჩინა არქიპელაგი, რომელსაც მოგვიანებით უწოდეს კაროლინის კუნძულები. შემდეგ კუნძულებზე გამოჩნდნენ ამერიკელები და ევროპელებიც, რომლებმაც აღმოაჩინეს სრულიად დაცლილი ქალაქი. თუმცა ადგილობრივებს სჯერათ, რომ აქ დღესაც ცხოვრობენ სულები.
განადგურებული ქალაქის ქვები წყლის ქვეშაა მოქცეული და დაფარულია მარჯნის სქელი ფენით. ნაგებობები სანაპიროსთან მდებარეობს ზღვის ზედაპირიდან 20 მეტრის სიღრმეში. როგორც ცნობილია შუა საუკუნეებში ზღვის დონე დაბალი იყო 1-1,5 მეტრით, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ საუდელერების დინასტიამ გამოიყენა მანამდე არსებული ძველი შენობის ფუნდამენტი.
კომენტარის დამატება