მონღოლური დამწერლობა
მონღოლური დამწერლობა, ძველმონღოლური დამწერლობა (მონღ. ᠮᠣᠩᠭᠣᠯᠪᠢᠴᠢᠭ) — თავდაპირველი დამწერლობა მონღოლური ენისათვის, რომელიც მონღოლებმა XIII საუკუნის დასაწყისში გადმოიღეს უიღურული დამწერლობიდან. წერ(დნ)ენ ზემოდან ქვემოთ და მარცხნიდან მარჯვნივ. XIV საუკუნეში ბუდისტური ტექსტების ზუსტად გადმოცემის მიზნით უიღურული დამწერლობა მონღოლებმა გადაახალისეს და „გალიკი“ უწოდეს. XV–XVI საუკუნეებში მონღოლურ დამწერლობაში უკანასკნელად მოხდა ცვლილება მონღოლური ენის ფონეტიკურ კანონზომიერებათა შესაბამისად. XVII საუკუნის შუა წლებში ოირათმა მეცნიერმა ზაია-პანდიტამ რამდენადმე გადაასხვაფერა მონღოლური დამწერლობის ზოგიერთი სიმბოლო, დაუმატა დიაკრიტიკული ნიშნები და ჩამოაყალიბა ე. წ. „ნათელი დამწერლობა“ ოირათული სალიტერატურო ენისათვის, ამჟამად მონღოლური მოდგმის ხალხთა უმრავლესობა რუსულ ანბანს იყენებს, სპეციფიკური ნიშნების დართვით.