کاروانسرا ( ქარვასლა )

ქარვასლა (სპარს. كاروان [ქარვან] და თურქ. Saray [სარაი] სასახლე) — თურქულ ენებზე ქარავნის სახლს ნიშნავს — დიდი სახალხო დაწესებულება აზიის ქალაქებში, გზებზე და დაუსახლებელ პუნქტებში, რომელიც მოგზაურთა, როგორც წესი, სავაჭრო ქარავნების ღამის გასათენებელი და გასაჩერებელი ადგილის ფუნქციას ატარებდა.

ქარვასლები ზოგჯერ საკმაოდ ფუფუნებით მოწყობილი, თუმცა უფრო ხშირად ძალიან მარტივი და მოუწყობელი შენობები იყო, სადაც მოგზაურებს თავად უნდა ჰქონოდათ საწოლი ხალიჩები და სურსათი თავიანთთვის და მათი პირუტყვისთვის. ხშირად ამ დაწესებულებაში მხოლოდ წყალი იყო, რომელიც შორიდან მოჰქონდათ და დიდი შეფერხებებით. ქარვასლას აუცილებლად ჰქონდა პირუტყვის დასაბმელი თავლა. მსხვილ ქალაქებში ქარვასლა სრულფასოვან თანამედროვე სასტუმროს ჰგავდა, დამატებითი მომსახურებით — კვებით,აბანოებით და ფულის გაცვლის პუნქტებით.სავაჭრო გზებზე კი ეს იყო მარტივი კონსტრუქციის ოთხკუთხა ნაგებობა შუაში ეზოთი და მის ცენტრში კი ჭით. შენობის გარე კედლები როგორც წესი გამაგრებული იყო ავაზაკთა თავდასხმის ან ალყის მოკლე ხნით მოგერიებისთვის.

ტერმინი „ქარვასლა“ საქართველოში გაბატონებულია უკვე XVII—XVIII საუკუნეებში. უფრო ადრე სასტუმრო სახლის აღმნიშვნელ ტერმინად იხმარებოდა ფუნდუკი. შენდებოდა ორ-, სამ- და ოთხსართულიანი ქარვასლები, ძირითადად კი გავრცელებული იყო შიგაეზოიანი და დარბაზული. ქარვასლას ჰქონდა საცხოვრებელი ოთახები, სავაჭრო დუქნები, საქონლის შესანახი სარდაფები, საჯინიბოები და ეზოები პირუტყვის გასაჩერებლად. XIX საუკუნეში თბილისში 13 დიდი ქარვასლა იყო. თბილისის ქარვასლებში ინახებოდა და მერე ნაწილდებოდა მთელ ამიერკავკასიაში უცხოეთიდან შემოტანილი საქონელი. ქარვასლაში გაჩერებული ვაჭარი იხდიდა ბაჟს — საქონლის ფასის 1/4-ს. გარდა სავაჭრო ოპერაციებისა, აქ ხდებოდა სავაჭრო გარიგებები, დგებოდა კომერციული ხასიათის საქმეები და სხვა. XIX საუკუნის 70-იან წლებში, სარკინიგზო ხაზის გაყვანის შემდეგ ქარვასლამ დაკარგა მნიშვნელობა.

Destinations