قلعة حلب

( ალეპოს ციტადელი )

ალეპოს ციტადელი (არაბ. قلعة حلب) — შუა საუკენეების პერიოდის საფორტიფიკაციო დანიშნულების სასახლე, რომელიც სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ალეპოში მდებარეობს.

ციტადელი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველეს და უდიდეს სასახლედ მიიჩნევა. ბორცვი, რომელზეც აგებულია ციტადელი, ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან გამოიყენებოდა. ისტორიის მანძილზე ტერიტორიას სხვადასხვა ცივილიზაციები ფლობდნენ, მათ შორის ბერძნები, ბიზანტიელები, აიუბიდები, მამლუქები და ოსმალები. ნაგებობა დღევანდელი სახით აიუბიდების მმართველობის პერიოდით თარიღდება. 2012-2016 წლებში, ალეპოს ომის პერიოდში ციტადელს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ნაგებობა საჯაროდ 2017 წელს, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გაიხსნა.

ციტადელი ძველი ალეპოს ნაწილია, რომელსაც 1986 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ისტორია
 
სამეფო დარბაზის შესასვლელი
 
სამეფო დარბაზი
სელევკიდების პერიოდი

მას შემდეგ, რაც ალეპო ალექსანდრე მაკედონელის ჯარებმა აიღეს, ქალაქს სელევკე I ნიკატორი მართავდა. ამ უკანასკნელმა ალეპო ბეროიას სახელით ააღორძინა. შუა საუკუნეების არაბ ისტორიკოსთა ცნობების მიხედვით, ციტადელის, როგორც საფორტიფიკაციო დანიშნულების ნაგებობის ისტორია, სწორედ ნიკატორის პერიოდში დაიწყო.[1] ელინისტური დასახლების ნაშთები ციტადელის გარკვეულ მონაკვეთებში დღემდეა შემორჩენილი.

რომაელთა და ბიზანტიელთა პერიოდი

ძვ. წ. 64 წელს რომაელებმა სელევკიდები ტახტიდან ჩამოაგდეს. მათი მმართველობის პერიოდში ციტადელის ბორცვი რელიგიურ დანიშნულებას ინარჩუნებდა. 363 წელს ალეპოს იმპერატორი იულიანე განდგომილი ეწვია. ციტადელში რომაელთა მმართველობის პერიოდის მეტად მცირე ფიზიკური ნიშნებია შემორჩენილი.[2]

395 წელს რომის იმპერია ორად გაიყო. ალეპო მისი აღმოსავლეთი ნაწილის, ბიზანტიის შემადგენლობაში მოექცა. VII საუკუნეში სასანიანთა შაჰის, ხოსრო II-ის შემოტევების დროს ქალაქის მოსახლეობამ ციტადელს შეაფარა თავი. დღესდღეობით, ციტადელში ბიზანტიელთა პერიოდის ძალიან მცირე გადმონაშთები გვხვდება, თუმცა ცნობილია, რომ ციტადელის შიგნით მდებარე ორი მეჩეთი გადაკეთებული ტაძრებია, რომლებიც ბიზანტიელთა პერიოდში აშენდა.[1][2]

 
აღდგენილი მოედანი
ისლამური პერიოდი

ჩვ. წ. 636 წელს ალეპო მუსლიმთა ჯარებმა აიღეს. წერილობითი წყაროები მოწმობენ, რომ დიდი მიწისძვრის შემდეგ მათ ციტადელს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარეს. ისლამურ პერიოდში ალეპო ომაიანთა და აბასიანთა სახალიფოების სასაზღვრო ქალაქი იყო.

944 წელს ალეპო საიფ ალ-დაულამ, ჰამდანიდების დინასტიის პრინცმა დაიპყრო, რის შემდეგაც ქალაქი პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით მკვეთრად გაძლიერდა.[2][3] ჰამანიდებმა მდინარის ნაპირზე დიდებული სასახლე ააგეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელზე 962 წელს ბიზანტიელებმა იერიში მიიტანეს, მათ ციტადელში გადაინაცვლეს. ჰამანიდების მმართველობასს მოჰყვა არასტაბილურობის პერიოდი, რომლის დროსაც ალეპო ბიზანტიელთა და ბედუინთა შეტევებს განიცდიდა. მოკლე ხნით ქალაქს ფატიმიდები მართავდნენ. მათ მირდასიდები მოჰყვნენ, რომლებმაც ციტადელში მდებარე ტაძრები მეჩეთებად გადააკეთეს.[2]

 
ამფითეატრი
 
ალეპოს ციტადელის მუზეუმი
ზენგიდების და აიუბიდების პერიოდი

ციტადელმა თავისი მნიშვნელობის ზენიტს ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში მიაღწია. ზენგიდმა მმართველებმა, იმად ად-დინ ზენგიმ და ნურადინმა გააერთიანეს ალეპო და დამასკო, რითაც ხელი შეუშალეს ჯვაროსანთა თავდასხმების გამეორებას ამ ქალაქებზე. ციტადელში რამდენიმე ცნობილი ჯვაროსანი დაატყვევეს, მათ შორის ედესის გრაფი ჟოსლენ II, რომელიც ტყვეობაში გარდაიცვალა, რენო დე შატიიონი და იერუსალიმის მეფე ბალდუინ II, რომელმაც ტყვეობაში ორი წელი გაატარა. ნურადინმა აღადგინდა ალეპოს გალავანი და გაამაგრა ციტადელი. არაბული წყაროების თანახმად, მან ააგო სასახლე და ციტადელის შესასვლელი და საჯირითო მოედანი მოაწყო. ასევე ნურადინმა განაახლა ორი მეჩეთი, მათ შორის აბრაამის მეჩეთს მან ოსტატურად გამოკვეთილი ხის მიჰრაბი უძღვნა. მიჰრამი საფრანგეთის მანდატის დროს დაიკარგა.[4]

1193-1215 წლებს ალეპოს სალადინის მესამე ვაჟი, ალ-ზაჰირ გაზი მართავდა. ამ პერიოდის მანძილზე ციტადელმა საფუძვლიანი რეკონსტრუქცია განიცადა. ნაგებობა გაამაგრეს და ახალი სტრუქტურები დაუმატეს, რის შედეგადაც მან დღევანდელი სახე მიიღო. ალ-ზაჰირ გაზიმ გააფართოვა ქალაქის გალავანი და მასში სამხრეთი და აღმოსავლეთი გარეუბნებიც მოაქცია, რის შედეგადაც ციტადელი გალავნიანი ქალაქის ცენტრი გახდა.[4]

↑ 1.0 1.1 Bianca and Gaube, 2007, pp. 73–103 ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Gonnela, 2008, pp. 12–13Burns, Ross, Monuments of Syria; An Historical Guide, London: Tauris ↑ 4.0 4.1 Gonnela, 2008, pp. 14–19
Photographies by:
Memorino - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
733
Statistics: Rank
139449

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
437815296Click/tap this sequence: 4949

Google street view

Where can you sleep near ალეპოს ციტადელი ?

Booking.com
489.859 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 24 visits today.